ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებაახალი ამბები
9 აგვისტო 2023, 14:40
2023-08-09
როგორ მოვიქცეთ, როცა ჰაერის ტემპერატურა უკიდურესად მაღალია — NCDC-ის რეკომენდაციები
20 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში, განსაკუთრებით — აღმოსავლეთში, მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი — თითქმის 2 კვირის განმავლობაში ჰაერი 36-დან 40 გრადუს ცელსიუსამდე აიწევს. ეს ვითარება ყურადღებას და სიფრთხილეს საჭიროებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებისთვის ზაფხულის ცხელ დღეებთან გასამკლავებლად რეკომენდაციებს აქვეყნებს.
NCDC ამბობს, რომ განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე — იწვევს როგორც გარკვეული დაავადებების ჩამოყალიბებას, ასევე, ამწვავებს უკვე არსებულს და შესაძლოა, სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს.
სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისათვის, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისათვის. ძლიერმა სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს გულისცემის გახშირება და სუნთქვის გაუარესება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2003 წელს დაფიქსირებული «თბური ტალღები» ევროპაში 70,000 სიკვდილის მიზეზი გახდა.
ცოდნამ, თუ როგორ დაიცვა თავი ცხელ დღეებში, შესაძლოა იხსნას შენი და შენი ახლობლების სიცოცხლე.
რატომ არის მაღალი ტემპერატურა პრობლემა?
მაღალი ტემპერატურით გამოწვეული მთავარი რისკებია:
დეჰიდრატაცია (გაუწყლოვნება, ორგანიზმში წლის დეფიციტი)
გადახურება, რომელმაც შესაძლოა გააუარესოს გულის დაავადებებისა და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა;
სითბური გამოფიტვა;
სითბური დაკვრა.
ვინარის ყველაზე მეტად რისკის ქვეშ?
მაღალი ტემპერატურა გავლენას ახდენენ ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობაზე, თუმცა მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების ყველაზე მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან:
75 წლისა და უფროსი ასაკის ხანდაზმულები
ბავშვები, განსაკუთრებით ახალშობილები
ქრონიკული დაავადებების, განსაკუთრებით კი გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე პირები
გადაადგილების პრობლემის (მაგ., პარკინსონის დაავადება, ინსულტი) მქონე პირები
ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე პირები
გარკვეულ პრეპარატებზე მყოფი პირები, მ.შ. პრეპარატებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ოფლის გამოყოფასა და ტემპერატურის კონტროლზე
ალკოჰოლის ჭარბი მომხმარებლები და წამალდამოკიდებული (ნარკოტიკების მომხმარებლები) პირები
ფიზიკურად აქტიური პირები (მაგ., მძიმე ფიზიკურ სამუშაოებში ჩართული პირები, სპორტსმენები)
როგორ გავუმკლავდეთ სიცხეს:
შეინარჩუნეთ სახლში სიგრილე
შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. სახლში ტემპერატურა შეამოწმეთ დილის 08:00 საათიდან 10:00 მდე, 13:00–ზე და ღამით 22:00 საათის შემდეგ. დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 320 °C, ხოლო ღამით კი 240 °C-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისათვის; აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ.
ღამით გააღეთ ფანჯრები და დატოვეთ ღია დილამდე, სანამ გარეთ სიგრილე იქნება (თუ ეს სახიფათო არ არის).
დღისით შეამცირეთ სახლში სიცხის შეღწევა — დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. შეძლებისდაგვარად გამორთეთ ელექტრო მოწყობილობები და ხელოვნური განათება.
მზის მხარეს ჩამოაფარეთ დამჩრდილავი ფარდები, ჟალუზები, დარაბები.
ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს.
თუ სახლში გაქვთ კონდენციონერი, დაკეტეთ კარებები და ფანჯრები, რათა ეფექტურად გამოიყენოთ ელექტროენერგია. ეს აგაცილებთ ქვეყანაში ელექტრო ენერგიის დეფიციტის საფრთხეს.
ვენტილატორი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა არ აღემატება 350 °C-ს. ხოლო თუ ტემპერატურა აღემატება 350 °C-ს, იგი ვერ მოგიხსნით სიცხესთან დაკავშირებულ პრობლემებს.
მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე.
თავი აარიდეთ სიცხეს
გადადით ცხელი ოთახიდან გრილში, განსაკუთრებით ღამით.
თუ შეუძლებელია სახლში სიგრილის შენარჩუნება, შეეცადეთ დღის 2-3 საათი გაატაროთ გრილ ადგილას.
მოერიდეთ ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში.
მოერიდეთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას. თუ ეს აუცილებელია, მაშინ მის შეასრულებლად გამოიყენეთ დილით ყველაზე გრილი პერიოდი: 04:00 საათიდან 07:00 საათამდე.
დარჩით/გაჩერდით ჩრდილში
არ დატოვოთ ბავშვები და შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში!
შეინარჩუნეთ სხეული გრილად და ტენიანად
მიიღეთ გრილი შხაპი, ან გამოიყენეთ ყინულის პაკეტები, სველი პირსახოცი, და სხვა.
ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი, ან ქოლგა, და მზისგან დამცავი სათვალე.
იხმარეთ საწოლის მსუბუქი თეთრეული და არავითარი ბალიში, რათა სიცხის დაგროვება აიცილოთ თავიდან.
მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა.
საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფობით. მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს.
როგორ მოვიქცეთ, თუ ვინმეს დახმარება სჭირდება?
ზემოთ წაკითხული გააცანით სხვებსაც — ოჯახის წევრებს, მეგობრებს, მეზობლებს, რომლებიც ძირითადად მარტონი არიან.
ოჯახში განიხილეთ, თუ როგორ იმოქმედოთ მაღალი სიცხის დროს ექსტრემალურ პირობებში, რათა ყველამ იცოდეს, თუ როგორ დაეხმარონ საკუთარ თავს და სხვა ადამიანებს.
თუ იცნობთ ავადმყოფ ან მარტოხელა ხანდაზმულს, რომელსაც სჭირდება თქვენი დახმარება, მოინახულეთ სულ მცირე ყოველდღე.
თუ იცით, რომ ადამიანი ყოველდღიურად ღებულობს რომელიმე მედიკამენტს, კითხეთ მის მკურნალ ექიმს, წამალი ხომ არ მოქმედებს ორგანიზმის თერმორეგულაციაზე ან სითხის ბალანსზე.
შეისწავლეთ პირველი დახმარების ჩვევები, რათა იცოდეთ როგორ მოიქცეთ სხვადასხვა საგანგებო სიტუაციების დროს. ეს ყველამ უნდა იცოდეს, რადგან შესაძლოა დასჭირდეს.
თვალყური ადევნეთ ამინდის პროგნოზს ტელევიზიის, რადიოს ან ინტერენეტის საშუალებით.
გარდა ადამიანების ჯანმრთელობისა, მაღალი ტემპერატურის დროს იზრდება ხანძრების რიცხვიც.
არ დაანთოთ კოცონი ტყეში, ასევე, არ დააბინძუროთ გარემო, ვინაიდან ხშირად სწორედ შუშის ნარჩენების აალება ხდება.